პროექტის თემა "მკერავი", ერთ დღეს ოთახში შემოტანილმა საკერავმა მანქანამ გამოიწვია. კერვის პროცესი ბავშვებისათვის იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, რომ გადავწყვიტეთ ამ თემის გაშლა ჯგუფში.
თავდაპირველად ბავშვებმა დახატეს ის, თუ რის შეკერვას ისურვებდნენ: ბალიშები, ლოგინის და მაგიდის გადასაფარებლები, კაბები, ექიმის ტანსაცმელი, თმის სამაგრები და რბილი თოჯინები, მათი საყვარელი გმირების ნიღბები და მოსასხამები.
პროექტის მეორე ფაზაში ვიყავით ექსკურსიაზე სამკერვალოში, სადაც ბავშვებმა ნახეს მათთვის საინტერესო გარემო და ნივთები, ბევრი საკერავი მანქანა. გაიგეს რა არის თარგი და როგორ იღებენ მას, შეიტყვეს, რომ ღილის შესაკრავს ქვია "ღილკილო", ისწავლეს მისი გაკეთება, ნახეს როგორ იღებდნენ სანტიმეტრის გამოყენებით ზომებს.
ბავშვებმა დასვეს წინასწარ მომზადებული შეკითხვები და მკერავისგან მიიღეს პასუხები, ასევე მონაწილეობა მიიღეს კერვის პროცესში.
სამკერვალოში დაგვასაჩუქრეს მორჩენილი ქსოვილით.
ჯგუფში დაბრუნების შემდეგ თითოეულმა ბავშვმა, ჩვენი დახმარებით შეკერა ის, რაც დახატა პროქეტის დასაწყისში. კერვის პროცესში ექსპერიმენტებს ატარებდნენ, ზოგ დეტალს ამატებდნენ, მძივებით და ღილებით აფორმებდნენ, ნაკერის ფორმებს ცვლიდნენ მანქანის დახმარებით.
თითქმის ყველამ ისწავლა ნემსში ძაფის გაყრა, ღილის დაკერება, ზომების აღება, რეზინის გაყრა, მარტივი ნაკერის გაკეთება.
ცოტა ხანში ჯგუფი გაივსო საინტერესო ნამუშევრებით, ბავშვები სიხარულს ვერ მალავდნენ როცა ნახატებსა და მზა ნამუშევრებს ადარებდნენ, იცვამდნენ და სარკეში იხედებოდნენ.
პრეზენტაცია ნამუშევრების გამოფენის სახით გავაკეთეთ, მოვიწვიეთ მშობლები და წარვუდგინეთ შეკერილი კოსტიუმები, ასევე ვაჩვენეთ მუშაობის პროცესის ამსახველი ფოტოების სლაიდშოუ.
ასევე აქტიურად იყვნენ ჩართული დრამატულ თამაშში. თითოეული ნამუშევრის შექმნა ბავშვებისთვის სახალისო და სასიამოვნო იყო.
პროექტის შემდეგ დრამატული კუთხის გარდერობი ბევრად მრავალფეროვანი გახდა.
თამარ დვალიშვილი 5-6 წლიანების ჯგუფი
No comments:
Post a Comment